საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ეკონომიკური საბჭოს გასვლითი სხდომა ქალაქ ბათუმში

1

საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ იმსჯელეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ეკონიმიკური საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომელიც დღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიმართა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რომან მამულიძემ საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობასა და ამ შესაძლებლობის ეფექტური გამოყენების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მან ჩვენი ქვეყნის საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ეფექტურობის ამაღლების და საზღვაო-სავაჭრო ფლოტის აღდგენის შესაძლებლობაზე ასევე, ქართველი მეზღვაურების დასაქმებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგის კვლევის შედეგებიც წარმოადგინა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, პროფესორმა ირაკლი შარაბიძემ საქართველოში საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისათვის კადრების მომზადების და ამ სფეროში არსებული პრობლემებისა თუ მიღწევების შესახებ ისაუბრა.

სხდომაზე გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საზღვაო დროშის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.
სხდომის დასასრულს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ საპატიო სიგელები გადასცა საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს ღვაწლმოსილ მუშაკებს.

გალერეა